ალიევმა და ფაშინიანმა აბუ-დაბიში, „ზაიედის სახელობის ადამიანური ძმობის ჯილდო“ მიიღეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა არაბთა გაერთიანებული საამიროების დამაარსებლის, ზაიიდ ბინ სულთან ალ ნაჰაიანის სახელობის „ადამიანური ძმობის ჯილდო“ მიიღეს სამშვიდობო ძალისხმევისთვის.


დაჯილდოების საზეიმო ცერემონია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დედაქალაქ აბუ დაბიში გაიმართა. 


პრიზი ორივე ლიდერს, ქვეყნის პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა პირადად გადასცა.


  • ორგანიზატორების ინფორმაციით, Zayed Award-ის მფლობელები ერთი მილიონი აშშ დოლარით ჯილდოვდებიან.

ამ პრემიას იღებენ მსოფლიო ლიდერები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ დიალოგის გაძლიერებაში.


„მდგრადი დიალოგის, ნდობის აღდგენის ღონისძიებებისა და ჰუმანიტარული ინიციატივების მეშვეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მაგალითი მისცეს სხვებს და აჩვენეს, რომ სტაბილურობა და თანამშრომლობა მიღწევადი მიზნებია. ამ შეთანხმების მნიშვნელობა რეგიონს სცილდება, საერთაშორისო საზოგადოებას იმედს აძლევს და შეგვახსენებს, რომ დიპლომატიასა და შეუპოვრობას ყველაზე ღრმა განხეთქილებების გადალახვაც კი შეუძლია,“ - წერია Zayed Award-ის ვებგვერდზე.


ცნობისთვის, ზაიედის პრემია ადამიანური ძმობისთვის, 2019 წელს დაარსდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დამფუძნებლის, შეიხ ზაიედ ბინ სულთან ალ ნაჰიანის სახელს ატარებს. პრემია დაარსდა პაპ ფრანცისკესა და ალ-აზჰარის დიდი იმამის აჰმად ალ-ტაიების ისტორიული შეხვედრის შემდეგ, სადაც ხელი მოეწერა ადამიანური ძმობის დოკუმენტს. პრემია გადაეცემა იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მშვიდობიანი თანაარსებობისა და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ფაშინიანისა და ალიევის გარდა, წელს ლაურეატები გახდნენ ავღანელი აქტივისტი ზარქა იეფტალი და პალესტინური ორგანიზაცია “ტაავონი.“


წინა ლაურეატებს შორის არიან ალ-აზჰარის დიდი იმამი აჰმედ ალ-ტაიები, პაპი ფრანცისკე, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აქტივისტი ლატიფა იბნ ზიათენი, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალლა II და დედოფალი რანია ალ-აბდალლა და სხვა. 


შეგახსენებთ, 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით, ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას.