ალიევმა ირანის დელეგაცია მიიღო: „აზერბაიჯანი შეშფოთებულია რეგიონში არსებული ვითარებით და მზადაა, მხარი დაუჭიროს დაძაბულობის დეესკალაციას“

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო, რომელსაც თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის მინისტრი აზიზ ნასირზადე ხელმძღვანელობდა.


ალიევის განცხადებით, ომები და კონფლიქტები დღესაც გრძელდება მსოფლიოს მრავალ ნაწილში, თუმცა აზერბაიჯანის ინიციატივით, სამხრეთ კავკასიაში უკვე დამყარდა მშვიდობა. მისივე თქმით, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ირანისთვის, რომელიც ესაზღვრება როგორც აზერბაიჯანს, ასევე, სომხეთს.


აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ირანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი შეშფოთებულია რეგიონში არსებული ვითარებით და მზადაა, მხარი დაუჭიროს დაძაბულობის დეესკალაციას.


ცნობისთვის, ირანის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღეს დაგეგმილი მოლაპარაკების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საჯაროდ წარმოადგინა თავისი „ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი" ბალისტიკური რაკეტა. აშშ ირანისგან ბირთვული და სარაკეტო პროგრამების შეზღუდვას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს მასშტაბური სამხედრო ოპერაციით დაემუქრა. თავის მხრივ, ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება ამტკიცებს რომ მის ბირთვულ პროგრამას მშვიდობიანი მიზნები აქვს, აგრესიას კი, სათანადოდ უპასუხებს. მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს, 6 თებერვალს გაიმართება ომანის დედაქალაქ მასკატში. წინა რაუნდებზე შედეგს ვერ მიაღწიეს.


ვაშინგტონში დაფუძნებული უფლებადამცველთა ჯგუფის HRANA-ს მიერ 5 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემებით, დადასტურებულია 6941 ადამიანის სიკვდილი. მათგან 6495 საპროტესტო აქციების მონაწილე იყო, 171 - არასრულწლოვანი, 61 - მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც აქციებში არ მონაწილეობდნენ და 214 - სამთავრობო ძალების სამხედროები. უფლებადამცველთა ცნობით, დაღუპულთა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია, დაპატიმრებულების კი, თითქმის 51 ათასი.