"C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარებული აქვს მოზრდილი მოსახლეობის 72%-ზე მეტს. მკურნალობის პროგრამაში ჩაერთო 73 ათასზე მეტი პაციენტი, განკურნების მაჩვენებელი კი 98.9%-ს შეადგენს". ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის მე-6 შეხვედრაზე განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო წვდომამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების ტვირთი და საქართველო მსოფლიოს მასშტაბით მისაბაძი ქვეყანა გახდა.
“მოგეხსენებათ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საკმაოდ წარმატებულია, რომელმაც სერიოზული პროგრესი განიცადა ამ წლების განმავლობაში და ქვეყნის მოსახლეობას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ამ დაავადებასთან ბრძოლაში. C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარებული აქვს მოზრდილი მოსახლეობის 72%-ზე მეტს. მკურნალობის პროგრამაში ჩაერთო 73 ათასზე მეტი პაციენტი, განკურნების მაჩვენებელი კი 98.9%-ს შეადგენს. საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო წვდომამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების ტვირთი და საქართველო მსოფლიოს მასშტაბით გახდა მისაბაძი ქვეყანა.
მსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა მათ მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ მადლობა მოვახსენო ყველა იმ ორგანიზაციასა და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ წლების განმავლობაში დაუღალავად შრომობს ჩვენთან ერთად. მსოფლოში შექმნილი ვითარების ფონზე, დღეს TAG-ის შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში ტარდება. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც აქამდე, და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი გახდება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების გზაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.