აუდიტი: ნინოწმინდაში ბავშვებს კომპიუტერის შემსწავლელ წრეზე კომპიუტერები არა აქვთ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილია ა(ა)იპ სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება, რომელსაც დებულების მიხედვით, ძირითადად, ევალება განუვითაროს ბავშვებს სხვადასხვა მიმართულების უნარ-ჩვევები. 2018-2019წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ-ის დაფინანსებისათვის სულ დახარჯულია 112.0 ათასი ლარი.

"ა(ა)იპ − ში შექმნილია 15 სხვადასხვა მიმართულების წრე, მათ შორის, ერთი –კულინარიის და ორი – კომპიუტერის შემსწავლელი წრეები. აღნიშნული წრეების სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია შესაბამისი ინვენტარი, რასაც სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულება არ ფლობს.

კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ა(ა)იპ-ის ფუნქციონირების ადგილი. გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ-ს არ გააჩნია კომპიუტერები და კულინარიის შესწავლისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა - სამზარეულოს ინვენტარის სახით",- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ა(ა)იპ-ის "პასუხისმგებელი პირის განმარტებით", ინვენტარი თავად დაწესებულების აღსაზრდელებს დააქვთ.