რუბიო: ამერიკელებისთვის, ჩვენი სახლი შეიძლება, დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ევროპის შვილები ვიქნებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თავისი გამოსვლა განცხადებით დაიწყო იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები და ევროპა „ერთმანეთს ეკუთვნიან.“


რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ ევროპის კონტინენტის ბედი არასდროს იქნება უმნიშვნელო.


„ჩვენ არ გვინდა სუსტი მოკავშირეები. აშშ-ს სურს, იხილოს ევროპა, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავი, რათა არცერთ მოწინააღმდეგეს არ შეექმნას ცდუნება, რომ ჩვენი კოლექტიური ძალა გამოსცადოს.“


რუბიოს თქმით, ევროპასთან ერთად მოქმედება „ხელს შეუწყობს გონივრული საგარეო პოლიტიკის აღდგენას.“


„ამერიკა კეთილდღეობისაკენ მიმავალი ახალი საუკუნის გზას ადგას და გვსურს, ეს თქვენთან ერთად გავაკეთოთ, ჩვენს ძვირფას მოკავშირეებთან და უძველეს მეგობრებთან ერთად," - განაცხადა მარკო რუბიომ.

„ჩვენ არ გვინდა ძველი წესრიგის გლობალური ინსტიტუტების დაშლა, რომლებიც ერთად ავაშენეთ, მაგრამ ამ ინსტიტუტებს რეფორმირება სჭირდება,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.


რუბიოს განცხადებით, აშშ-ის მიზანი ან სურვილი ტრანსატლანტიკური ეპოქის დასრულება არ არის, არამედ, აშშ „კეთილდღეობის ახალი საუკუნის გზას ქმნის“ და მას ამის გაკეთება ევროპასთან ერთად სურს.


„იმ დროს, როდესაც ახალი ამბების სათაურები ტრანსატლანტიკური ეპოქის დასასრულს გვამცნობენ, ყველასთვის ცნობილი და ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არც ჩვენი მიზანია და არც სურვილი. რადგან ჩვენთვის, ამერიკელებისთვის, ჩვენი სახლი შეიძლება, დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ევროპის შვილები ვიქნებით.“


თუმცა რუბიო კრიტიკულად აფასებს კლიმატის ცვლილებასთან და მიგრაციასთან დაკავშირებულ ზომებს. მისი თქმით, აშშ-მ და ევროპამ შეცდომები ერთად დაუშვეს და ახლა ვალდებულები არიან, რომ დაშვებული შეცდომები გამოასწორონ.


„ჩვენ კარი გავუღეთ მასობრივი მიგრაციის უპრეცედენტო ტალღას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი საზოგადოებების ერთიანობას, ჩვენი კულტურის მთლიანობასა და ჩვენი ხალხის მომავალს. შეცდომები ერთად დავუშვით და ჩვენი ხალხის წინაშე ვალდებულები ვართ, რომ ამ შეცდომებს თვალი გავუსწოროთ. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ ჩვენ, ამერიკელები პირდაპირები ვართ.


ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ ეს ძალიან გვადარდებს. ჩვენ ძალიან გვადარდებს როგორც თქვენი, ისე ჩვენი მომავალი და თუ ზოგჯერ ერთმანეთს არ ვეთანხმებით, ეს ევროპასთან დაკავშირებით ჩვენი წუხილიდან გამომდინარე გამომდინარეობს. ჩვენ დაკავშირებულნი ვართ არამხოლოდ ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, სულიერი და კულტურული თვალსაზრისითაც.“


მარკო რუბიოს განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების სასწრაფოდ გარდაქმნაა საჭირო. მისი შეფასებით, გაეროს „უზარმაზარი პოტენციალი“ აქვს, მაგრამ მან ღაზასა და უკრაინაში ომი ვერ მოაგვარა და ხშირად „უძლურია.“


„იდეალურ სამყაროში ეს პრობლემები დიპლომატების მიერ რეზოლუციებით მოგვარდებოდა, მაგრამ ჩვენ იდეალურ სამყაროში არ ვცხოვრობთ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ისინი, ვინც ჩვენს მოქალაქეებსა და გლობალურ სტაბილურობას ემუქრებიან, საერთაშორისო სამართლის მიღმა დაიმალონ,“ - განაცხადა მარკო რუბიომ.


Reuters-ის ცნობით, დაახლოებით ნახევარსაათიანი გამოსვლის დროს რუბიომ არ ახსენა რუსეთი - კონტინენტის მთავარი გეოპოლიტიკური ბლოკი და არც NATO - კონტინენტის უსაფრთხოების მთავარი ბლოკი.


სააგენტო შეჯამების სახით წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შაბათს ევროპელებს ერთიანობის მესიჯი გაუგზავნა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ტრანსატლანტიკური ალიანსის მიტოვებას არ აპირებს, თუმცა ევროპის ლიდერებმა პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს და მათ კურსის შეცვლა სჭირდებათ. ერთიანობის შესახებ გზავნილს მიუნხენის ყოველწლიურ უსაფრთხოების კონფერენციაზე შეკრებილი ევროპელი დიპლომატები და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები შედარებით კარგად შეხვდნენ.


რუბიოს გამოსვლა მკვეთრად განსხვავდებოდა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სიტყვით გამოსვლისგან, რომელიც ერთი წლის წინ, სწორედ მიუნხენში შედგა. მაშინ ვენსი ამტკიცებდა, რომ ევროპის წინაშე ყველაზე დიდი საფრთხე ცენზურა და დემოკრატიული უკუსვლაა — და არა ისეთი გარე გამოწვევები, როგორიც, რუსეთია.