მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, პანელური დისკუსიის მოდერატორი კრისტიან ამუნპური პრეზიდენტ ტრამპის ბოლო კომენტარს ზელენსკის უზიარებს, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს: „რუსეთს სურს გარიგების დადება და ზელენსკის მოუწევს მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დიდ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს.“
გრძნობთ თუ არა ზეწოლას, ეკითხება ამანპური უკრაინის პრეზიდენტს?
ზელენსკი მცირე პაუზის შემდეგ, ხუმრობანარევი ტონით პასუხობს: მცირედით.
ზელენსკიმ თავისი გამოსვლა საჰაერო თავდაცვაზე ფოკუსით დაიწყო.
ის აღწერს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც ლიდერს ომის დროს შეუძლია, მოისმინოს, არის ის, რომ საჰაერო თავდაცვის დანაყოფები ცარიელია. რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ზელენსკი ამბობს, რომ ამაყობს უკრაინელი ჯარისკაცებით, რომლებიც რუსული თავდასხმების მოგერიებას აგრძელებენ. მისი თქმით, უკრაინელი ხალხი მადლიერებას და პატივისცემას იმსახურებს.
ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ ილუზიაა იმის დაჯერება, რომ ომის დასრულება უკრაინის გაყოფით შეიძლება, ისევე, როგორც ილუზია იყოს იმის დაჯერება, რომ ჩეხოსლოვაკიის გაწირვა ევროპას ომისგან იხსნიდა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყნისთვის ომის ღირსეულად დასრულება შესაძლებელია.
„ევროპას სჭირდება საერთო თავდაცვის რეალური პოლიტიკა, ისევე როგორც მას უკვე ბევრი რამ აქვს საერთო ეკონომიკაში, სამართალსა და სოციალურ პოლიტიკაში,“ - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინის ლიდერი შეკრებილებს სთხოვს: „გთხოვთ, ყურადღება დაუთმეთ უკრაინას.“
ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე სამმხრივი დისკუსიების შესახებ ზელენსკი აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, ამერიკელები ყოველთვის უბრუნდებიან დათმობების თემას. თუმცა ზელენსკი აღნიშნავს, რომ ძალიან ხშირად ეს დათმობები მხოლოდ უკრაინის კონტექსტში განიხილება - „და არა რუსეთის.“
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპა პრაქტიკულად არ არის მოლაპარაკებების მაგიდასთან და ეს „დიდი შეცდომაა.“
მისი შეფასებით, მშვიდობის შენება მხოლოდ მკაფიო, უსაფრთხოების გარანტიებითაა შესაძლებელი, იქ კი, სადაც არ არის მკაფიო უსაფრთხოების სისტემა, „ომი ყოველთვის ბრუნდება.“
„ახლა უკრაინა რუსული აგრესიის შეჩერების თვალსაზრისით, გადამწყვეტ როლს თამაშობს და პოლონეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას უზრუნველყოფს,“ - აცხადებს ზელენსკი.
ზელენსკი ამბობს, რომ ევროპას უკრაინა სჭირდება და რომ მის ქვეყანას ევროპაში ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს, „თავისი გმირების წყალობით.“ უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ უბრალოდ, არაგონივრულია, ასეთი არმია NATO-ს მიღმა რჩებოდეს.
უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ ევროპული ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდის ისტორიული გადაწყვეტილება „წარსული შეცდომების გამოსწორება“ და უსაფრთხოებაში ინვესტიციაა.
ზელენსკის თქმით, პუტინი უკრაინაში მშვიდობის მოპოვების პრობლემის არსია.
„მას არ შეუძლია, წარმოიდგინოს ცხოვრება ძალაუფლების გარეშე,“ - ამბობს ზელენსკი და შეკრებილებს მიმართავს: „წარმოგიდგენიათ პუტინი ომის გარეშე? იყავით გულწრფელები.“
„მას არ შეუძლია, უარი თქვას ომის იდეაზე,“ ამიტომ უნდა არსებობდეს რეალური უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისა და ევროპისთვის,“ ხაზს უსვამს ზელენსკი და აღნიშნავს, რომ ეს უნდა მოხდეს ომის დასრულებამდე.
„ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი გვისმენს და ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის კონგრესი გვისმენს,“ ამბობს ზელენსკი.
- „ნუ დავხუჭავთ თვალს პრობლემაზე, რომელიც რუსეთის ფინანსურ გარანტიებს უკავშირდება.“
„ვლადიმერ პუტინს შეუძლია სანქციების გვერდის ავლა, „მსოფლიო მასშტაბით არსებული თანამზრახველების“ მეშვეობით, როგორებიც არიან ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი,“ აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
„გარდა ამისა, პუტინს კვლავ აქვს ფინანსური სტაბილურობის გარანტიები და მათი დიდი ნაწილი აქ, ევროპის ზღვებშია,“ ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
„რუსული ნავთობტანკერები კვლავ თავისუფლად მოძრაობენ ევროპის სანაპიროებზე ბალტიის ზღვასა და ჩრდილოეთ ზღვაში,“ აღნიშნავს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ ეს საკითხი ევროპელ ლიდერებთან განიხილა, კერძოდ, რუსული ტანკერების შესახებ კანონმდებლობის განახლებაზე, რათა ისინი არამხოლოდ დააკავონ, არამხოლოდ, დაბლოკონ კიდეც.
ზელენსკი ამბობს, რომ ევროპის არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, დაეყრდნოს საკუთარ ტექნოლოგიებსა და ფულს თავდაცვისთვის. მისი თქმით, არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, მარტო გაძლოს სრულმასშტაბიან ომში.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „სრულმასშტაბიანი ომის ოთხი წელი - 1,451 დღე - გაცილებით მეტია, ვიდრე ვინმეს პროგნოზი ჰქონდა, რომ ეს კონფლიქტი გაგრძელდებოდა.“
მისი თქმით, უკრაინა ამ მასშტაბით ან ტემპით გაძლებას, ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების დახმარების გარეშე ვერ შეძლებდნენ. „ჩვენ მადლიერები ვართ მიღებული ყველა მარაგისთვის - მაგრამ თქვენ ნახეთ, რამდენი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ძლიერი იარაღი მიგვეღო.“
„რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საუკეთესო წინააღმდეგობა ევროპის ერთიანობაა,“ - მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკიმ ირანის თემაც ახსენა.
მისი თქმით, „ირანის რეჟიმმა იმაზე მეტი ზიანი გამოიწვია და შეიძლება, კიდევ უფრო მეტი გამოიწვიოს, ვიდრე ამ საუკუნეში სხვა რეჟიმებმა.“
„მათი დაუყოვნებლივ შეჩერება უნდა მოხდეს. ეს უნდა მომხდარიყო აიათოლას შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც მისმა რეჟიმმა ამდენი ომი წამოიწყო. ეს უნდა მომხდარიყო პუტინის შემთხვევაშიც, საქართველოში ომის, სირიის, 2014 წლისა და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა მიუნხენისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ირანელი ხალხის თავისუფლების მხარდასაჭერად ხალხი გამოდის.
უკრაინას ირანთან საზღვარი არ აქვს და ჩვენ ირანის რეჟიმთან ინტერესთა კონფლიქტი არასდროს გვქონია, მაგრამ ისინი რუსეთისთვის დრონების მიყიდვას აგრძელებენ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.