ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ინფორმაციას სომხური მედია ფაშინიანის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ხვალ ვაშინგტონში “მშვიდობის საბჭოს” საინაუგურაციო შეხვედრას დაესწრება.

შეგახსენებთ, სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობის საბჭოს დამფუძნებელი წევრები გახდნენ.


„მშვიდობის საბჭოს“ წესდების ხელმოწერის ცერემონია გასულ თვეში, დავოსში გაიმართა. ამჟამად საბჭოს შემადგენლობაში წესდების ხელმომწერი 22 სახელმწიფოა. „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს, თავდაპირველად ღაზის სექტორის რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა, თუმცა ორგანიზაციის წესდებით, მის მისიას მთელ მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს.


„მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი ვაშინგტონში 19 თებერვალს გაიმართება. იტალიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები ვაშინგტონში დაგეგმილ „მშვიდობის საბჭოს“ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრებიან.


ვატიკანი საბჭოში“ მონაწილეობაზე უარს ამბობს. კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა, რომ ვატიკანი არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“.

მისი განმარტებით, კრიზისული სიტუაციების მართვა გაერო-ს კომპეტენციაში უნდა იყოს.