არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია

"თუ ოპოზიციის მხრიდან იქნება პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული, ვფიქრობ, ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ვფიქრობ, შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებ, რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით ჩვენ შეძლებთ ამოვწუროთ ეს უთანხმოება და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტი.

პუნქტებში, რომელზეც განხილვაც მიმდინარეობს, არის მნიშვნელოვანი წინსვლა პოზიციების დაახლოების კუთხით. გარკვეული სამუშაო რჩება. თუ ოპოზიციის მხრიდან იქნება პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული, ჩვენი მხრიდან სამართლიანი და პრაგმატული ნაბიჯები იყო გადადგმული ამ დღეებში, ვფიქრობ, რომ ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ.

რაც მთავარია, აქ ამოსავალი წერტილი და შეთანხმების მთავარი წამყვანი ფაქტორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეთანხმება არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, ეს შეთანხმება არის იმისთვის, რომ საქართველომ მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია და კონცენტრირდეს იმ მნიშვნელოვან ამოცანებზე, რაც დღეს არის", - განაცხადა თალაკვაძემ.