ირაკლი კობახიძე: გვაქვს იმედი, რომ ეს დისკუსიები დასრულდება შეთანხმების ხელმოწერით

"გვაქვს იმედი, რომ ეს დისკუსიები დასრულდება შეთანხმების ხელმოწერით", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის ლიდერების კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"კონსულტაციები გრძელდება. ამ შემთხვევაშიც, სამწუხაროდ, გვიწევს დეტალების გასაჯაროებისგან თავის შეკავება. კონსულტაციები ხვალ გაგრძელდება. ეს არის მიმდინარე პროცესი. ყოველი შემდეგი შეხვედრა ნიშნავს წინ წაწევას, კონკრეტული მიმართულებებით. შესაბამისად, არის ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული დისკუსიები ყველა ასპექტში. გვაქვს იმედი, რომ ეს დისკუსიები დასრულდება შეთანხმების ხელმოწერით.", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, დისკუსია რთულია. განსხვავებული პოზიციების არსებობა, შეთანხმებების პუნქტებზეც აისახება.

"უკვე, ჯამში, 5 თვეა გრძელდება ეს კონსულტაციები. მათ შორის არის ეს ახალი პროცესი, მაგრამ მანამდე იყო მოლაპარაკებების 4 რაუნდი. საკითხი რთულია. ბუნებრივია, განსხვავებული პოზიციები არსებობს, თვითონ შეფასებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვამტკიცებდით იმას, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ ოპოზიციამ გააყალბა PVT და ეს დავამტკიცეთ. ოპოზიცია ამბობდა რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ეს ვერ დაამტკიცა.

რა თქმა უნდა, აქ არის აზრთა სხვადასხვაობა და ეს აისახება შეთანხმების კონკრეტულ პუნქტებზეც. ბუნებრივია, დისკუსია რთულია. ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, თუმცა ჩვენ და საზოგადოებამ იცის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ არ არიან პოლიტპატიმრები. ეს ყველამ კარგად იცის.

დანიელსონს რთული ამოცანა აქვს. თუმცა, მე იმედს ვიტოვებ, რომ შეთანხმებამდე მივა ეს პროცესი.

აქ, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ გადამწყვეტი როლი და მე დარწმუნებული ვარ, ისინი იმოქმედებენ ისე, როგორც ეს საჭიროა შეთანხმების მიღწევის და დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის.

მედიატორი არცერთ ისეთ წინადადებას არ დააყენებს, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს. ამაში ვარ დარწმუნებული." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.