საფრანგეთი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნას გააძლიერებს მას შემდეგ, რაც ირანმა რეგიონში მდებარე ფრანგულ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე კონტრშეტევა განახორციელა. შესაბამის ინფორმაციას Politico ავრცელებს.
„საფრანგეთი გააძლიერებს თავის [სამხედრო] პოზიციას და თავდაცვით მხარდაჭერას, რათა დადგეს მათ გვერდით, ვისთანაც გვაქვს თავდაცვის ხელშეკრულებები და შევძლოთ ჩვენი პოზიციის ადაპტირება ბოლო რამდენიმე საათის მოვლენებთან,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
Politico წერს, რომ პარიზმა შაბათს განაცხადა, რომ არ იყო ინფორმირებული ირანზე ამერიკისა და ისრაელის თავდასხმების შესახებ და არც ჩართული იყო მასში. მაკრონმა თავდაპირველად მხარეებს დიპლომატიის აღდგენისკენ მოუწოდა, თუმცა მისი ტონი შეიცვალა მას შემდეგ, რაც კვირას ორმა ირანულმა დრონმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ფრანგულ სამხედრო-საზღვაო ბაზას დაარტყა.
გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთმა, განაცხადეს, რომ მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ირანის წინააღმდეგ „თავდაცვითი ზომები“ მიიღონ და დაიცვან საკუთარი და სპარსეთის ყურეში მოკავშირეების ინტერესები.
სამი ქვეყნის ლიდერები, კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერი და პრემიერი ემანუელ მაკრონი „შეძრწუნებულნი არიან ირანის მიერ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული განურჩეველი და არაპროპორციული სარაკეტო თავდასხმებით, მათ შორის, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი აშშ-სა და ისრაელის საწყის სამხედრო ოპერაციებში,“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაბიჯები პოტენციურად შეიძლება მოიცავდეს ირანის რაკეტებისა და დრონების განადგურების მიზნით აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ზომების მიღებას.
„ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს ჩვენი და რეგიონში ჩვენი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად, პოტენციურად აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ქმედებების განხორციელების გზით", - ნათქვამია ლიდერების განცხადებაში.