NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ NATO ირანის წინააღმდეგ დარტყმებში არ ჩაერთვება.
„არანაირი გეგმა არ არსებობს, რომ NATO ამაში ჩაერთვება ან ამის ნაწილი გახდება, გარდა ცალკეული მოკავშირეებისა, რომლებსაც შეუძლიათ მხარი დაუჭირონ იმას, რასაც ამერიკელები ისრაელთან ერთად აკეთებენ,“ - განაცხადა რუტემ.
რუტემ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია შეაქო.
„ნამდვილად მნიშვნელოვანია, რასაც აშშ აკეთებს ისრაელთან ერთად, რადგან ანადგურებს და ამცირებს ირანის უნარს, რომ ბირთვული ან ბალისტიკური შესაძლებლობები მოიპოვოს,“ - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
რუტემ ორშაბათს განაცხადა, რომ მან ირანი და რეგიონული უსაფრთხოება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანთან განიხილა.
„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ნებისმიერი მხრიდან მომდინარე ნებისმიერი საფრთხის შესაკავებლად და მისგან თავის დასაცავად,“ - განაცხადა რუტემ.