ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანის სიღრმეში, ისრაელის მიერ ამჟამად დაკავებული ხუთი პოსტის მიღმა, ჯარები განალაგეს.
ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„ჯარისკაცები გაძლიერებული თავდაცვითი პოზიციის ფარგლებში სასაზღვრო ზონის მახლობლად რამდენიმე წერტილში არიან განლაგებულნი,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მუშაობენ ჩრდილოეთ ისრაელის მცხოვრებლებისთვის „უსაფრთხოების დამატებითი ფენის“ შექმნაზე.
„ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰეზბოლას“ ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წერტილოვან დარტყმებს ახორციელებს, რათა აღმოფხვრას საფრთხეები და თავიდან აიცილოს ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევის მცდელობები,“ - აცხადებენ თავდაცვის ძალებში.
ლიბანის ხელისუფლება წლებია, „ჰეზბოლას“ განიარაღებას ცდილობს.
მან დაგმო ლიბანზე ისრაელის სარაკეტო დარტყმები.
ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა განაცხადა, რომ ომის პლატფორმად ლიბანის გამოყენება ქვეყანას საფრთხეს უქმნის.
28 თებერვლიდან, აშშ-ის და ისრაელის იერიშის საპასუხოდ, ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში. The New York Times-ის ცნობით, ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.
ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ.
ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე.
რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის, ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან." დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. საამიროების თავდაცვის სამინისტრომ პირველ მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო.
ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ.