IAEA ადასტურებს ირანში, ნათანზის ბირთვული ობიექტის ზოგიერთი ნაგებობის დაზიანებას

ირანზე აშშ-ის და ისრაელის დარტყმების (28 თებერვლიდან) შედეგად დაზიანებულია ნათანზის რაიონში მდებარე ბირთვული საწვავის გადამამუშავებელი მიწისქვეშა ქარხნის ზოგიერთი კონსტრუქცია. 


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) ახალი სატელიტური ფოტოების საფუძველზე დღეს, 3 მარტს დაადასტურა, რომ დაზიანებულია ობიექტზე შესასვლელი ნაგებობები. სააგენტოს ცნობით, რადიოლოგიური შედეგები მოსალოდნელი არ არის.


ეს ქარხანა (FEP) ირანის იმ სამი ურანის გამდიდრების ობიექტიდან ერთ-ერთია, რომლებიც მოქმედებდა იმ დროს, როცა ისრაელმა და აშშ-მ გასული წლის ივნისში ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე იერიშები მიიტანეს.


 „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს“ (IAEA) შეუძლია, დაადასტუროს ირანის მიწისქვეშა ნათანზის ქარხნის შესასვლელის ბოლოდროინდელი დაზიანება,“ - განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ X-ზე განთავსებული პოსტით.


Reuters-ი წერს, რომ IAEA-ს დასკვნა ემთხვევა აშშ-ის მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის დასკვნას, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ირანმა განაცხადა, რომ კვირას ნათანზზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც IAEA-მ უპასუხა, რომ სამხედრო დარტყმები მასშტაბური არ ყოფილა.