NATO-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსის წევრებს შორის ფართო მხარდაჭერაა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კამპანიის მიმართ, რომლის სამიზნეც ირანის ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობებია.
„NATO არ არის ჩართული. თუმცა ცხადია, მოკავშირეები, ძირითადად, მასშტაბურად უჭერენ მხარს იმას, რასაც პრეზიდენტი აკეთებს და ასევე ხელს უწყობენ იმას, რასაც აშშ აკეთებს ახლა რეგიონში, ირანის ამ ბირთვული შესაძლებლობების და, რა თქმა უნდა, სარაკეტო შესაძლებლობების განადგურებას,“ - აღნიშნა რუტემ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ NATO-ს ძალები მზად არიან, დაიცვან ალიანსის ტერიტორია.
„ამჟამად, NATO-ს შემადგენლობაში ჩვენი საქმიანობა იმის უზრუნველყოფაა, რომ 360-გრადუსიანი გზით დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი ინჩი,“ - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
რუტემ ასევე განაცხადა, რომ ირანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და რომ ისრაელისა და აშშ-ის ზეწოლა ირანის შესაძლებლობებს შეასუსტებს.
„ირანი იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებას, ამ დამანგრეველი იარაღის, ამ დრონების გამოყენებით. ის ფაქტი, რომ ირანი ახლა ისრაელისა და აშშ-ს მხრიდან სრულმასშტაბიან ზეწოლას განიცდის, ასევე შეამცირებს მის შესაძლებლობას, ქაოსის რუსეთში და შესაბამისად, უკრაინაშიც, ექსპორტირება მოახდინოს,“ - აღნიშნა რუტემ.