გაეროს სააგენტოების ჯგუფი: საქართველოში ქალთა უფლებადამცველები ძალადობის სამიზნეები ხდებიან

საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფი საქართველოში, ქალთა უფლებების დაცვის არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ქალთა უფლებების დამცველები გენდერული ნიშნით, ძალადობის სამიზნეებიც ხდებიან..

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, COVID-19 ის პანდემიამ გენდერული თანასწორობის სფეროში არსებული მიღწევები რისკის ქვეშ დააყენა, შეინიშნება ქალთმოძულეობის საგანგაშო ზრდაც.

"სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში მოწმენი გავხდით იმ უდიდესი აგრესიისა და სიძულვილის ენის, რომელიც სოციალური მედიით ქალთა უფლებების დამცველთა საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება, მათ მიმართ კი ადგილი აქვს მუქარასა და ლანძღვას. ჩვენ ვგმობთ ქალთა უფლებების დამცველების დაშინების, მათ მიმართ მუქარის ან რაიმე ფორმით ძალადობის ნებისმიერ ფაქტს, ასევე, მათი სტიგმატიზაციის ან გარიყვის ნებისმიერ მცდელობას და მოვუწოდებთ მთავრობას, გადადგას სათანადო და მტკიცე ნაბიჯები, რათა ქალ უფლებადამცველებს საკუთარი საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება შეეძლოთ.

ქალთა უფლებების დამცველები სოციალური სამართლიანობისა და ფემინისტური მოძრაობის ავანგარდში არიან. ისინი იბრძვიან გენდერული თანასწორობის განხორციელების, ქალთა უფლებების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების რეალიზებისთვის. საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფს სურს, კიდევ ერთხელ დაადასტუროს სოლიდარობა ადამიანის უფლებათა დამცველი ქალების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით თანასწორად სარგებლობისთვის იღვწიან.

ქალთა უფლებადამცველები ისეთივე რისკების წინაშე არიან, როგორც ადამიანის უფლებათა სხვა დამცველები, მაგრამ, ამავდროულად, როგორც ქალები, ისინი გენდერული ნიშნით ძალადობის სამიზნეებიც ხდებიან. ხშირად მათ საქმიანობას აღიქვამენ, როგორც გამოწვევას საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციული გენდერული და ოჯახური როლების მიმართ, რასაც სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან მტრული დამოკიდებულება მოჰყვება. საფრთხეებისა და ძალადობის სამიზნეები არა მარტო ეს ქალები, არამედ მათი ოჯახებიც ხდებიან, რაც ქალთა უფლებადაცვითი საქმიანობის შეფერხებას ისახავს მიზნად. უნდა აღინიშნოს, რომ ქალი უფლებადამცველები უფრო ხშირად არიან ძალადობის გარკვეული ფორმებისა და სხვა დარღვევების, მცდარი წარმოდგენების, გაკიცხვისა თუ გარიყვის საფრთხის წინაშე, ვიდრე მათი კაცი კოლეგები. ქალთა უფლებების დამცველების მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევა სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული.

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ახლა ქალი უფლებადამცველების საქმიანობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვისწრაფვით უკეთესი მომავლისკენ, ამიტომ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა გენდერული თანასწორობისა და ქალებისა და გოგოების გაძლიერების შეუქცევადი პროგრესის მისაღწევად", - აღნიშნული გაეროს სააგენტოთა ჯგუფის განცხადებაში.