NATO-მ სამხრეთ კავკასიაში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

NATO-მ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად კევინ ჰამილტონი დანიშნა.


ჰამილტონი პასუხისმგებელი იქნება ალიანსის პოლიტიკის გატარებაზე ამ ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში.

  • ის ასევე არის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პარტნიორობის, ასევე, პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტში.

ალიანსის ცნობით, ჰამილტონი კანადის საგარეო საქმეთა სამსახურის კარიერული დიპლომატია, 2023 წლიდან 2026 წლამდე ის თურქეთში კანადის ელჩად მუშაობდა, ამავე დროს, აკრედიტებული იყო აზერბაიჯანსა და საქართველოში. მანამდე, რუმინეთში, ბულგარეთსა და მოლდოვის რესპუბლიკაში ელჩად მუშაობდა (2016–2020).


2020 წლიდან 2023 წლამდე, კანადის გლობალურ საქმეთა საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის გენერალური დირექტორის პოზიცია ეკავა, პასუხისმგებელი იყო საერთაშორისო თავდაცვისა და უსაფრთხოების ურთიერთობებზე, NATO-სა და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, ჩრდილოეთ ამერიკის თავდაცვის თანამშრომლობაზე, ინდო-წყნარი ოკეანის უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ასევე, შეიარაღების კონტროლზე.


2013 წლიდან 2016 წლამდე, ჰამილტონი აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის განყოფილების დირექტორი იყო - მისი პასუხისმგებლობის არეალი მოიცავდა კანადის პოლიტიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს 19 ევროპულ და ევრაზიულ ქვეყანასთან, დასავლეთ ბალკანეთიდან ცენტრალურ აზიამდე.


კევინ ჰამილტონი 2010 წლიდან 2013 წლამდე  ლიეტუვაში კანადის საელჩოს მისიას ხელმძღვანელობდა.

ამავე დროს, ესტონეთსა და ლატვიაში გახლდათ აკრედიტებული.


მისი ადრინდელი თანამდებობები მოიცავდა პოლიტიკური მრჩევლის პოზიციას კანადის უმაღლეს კომისარიატში, გაერთიანებულ სამეფოში; იყო კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის დამყარების ჯგუფის დირექტორის მოადგილე და პოლიტიკის დაგეგმვის საკითებში შტაბის დირექტორის მოადგილე.


ასევე მუშაობდა კანადის საელჩოებში, თელ-ავივსა და სარაევოში.


ჰამილტონის წინამორბედი ხავიერ კოლომინა 2024 წლის ივლისში დაინიშნა სამხრეთ სამეზობლოში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად. კოლომინა 2021-2024 წლებში მუშაობდა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად.


ელჩმა ჰამილტონმა მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში Norman Paterson-ის სკოლიდან Carleton-ის უნივერსიტეტში (ოტავა) და ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან (ვანკუვერი).