ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა

დღეს ევროკომისია საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს. ახლა მათ შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას ვიზა უნდა ჰქონდეთ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზის შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენება. ეს გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების თანხმობის შემდეგ მიიღეს.


ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, ვიზის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა „საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში აღებული ვალდებულებების მიზანმიმართული და განგრძობადი დარღვევის საპასუხოდ.“


გარდა ამისა, კომისიამ დღეს მიიღო სახელმძღვანელო მითითებები წევრი სახელმწიფოების საკონსულო უწყებებისა და საზღვრის დაცვის წარმომადგენლებისთვის, რათა წევრ სახელმწიფოებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ეფექტიან განხორციელებაში დაეხმაროს.


უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება ძალაში შევიდა დღეს და 12 თვის განმავლობაში — 2027 წლის 6 მარტამდე გაგრძელდება.