The Washington Post დაზვერვასთან დაკავშირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ომის დაწყებიდან მოყოლებული, რუსეთი ირანს აწვდიდა ინფორმაციას ამერიკული სამხედრო ობიექტების, მათ შორის, სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების ადგილმდებარეობის შესახებ.
The Washington Post-ის ცნობით, ირანმა ათასობით მოიერიშე დრონი და ასობით რაკეტა გაუშვა აშშ-ის სამხედრო პოზიციების, საელჩოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით.
CIA-მ და პენტაგონმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. რუსეთის საელჩომ ვაშინგტონში არ უპასუხა გამოცემის თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა.
პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეთმა გააფრთხილა თეირანი, რომ ცდება, თუ ფიქრობდა, რომ აშშ-ს არ შეუძლია მიმდინარე ომის გაძლება და დასძინა, რომ ამერიკულმა ძალებმა საბრძოლო ოპერაციები მხოლოდ ახლა დაიწყეს. ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა ეიალ ზამირმა განაცხადა, რომ ისრაელის ძალები იწყებენ ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალ ფაზას, რომლის მსვლელობისას ისინი „რეჟიმს და მის სამხედრო პოტენციალს კიდევ უფრო გაანადგურებენ.“
წყაროების განცხადებით, რუსეთის მიერ ირანისთვის გადაცემული დაზვერვის მონაცემების მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, რუსეთის დახმარება „საკმაოდ ყოვლისმომცველია.“
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა 6 მარტს რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას (RFE/RL) განუცხადეს, რომ რუსეთი ირანს აწვდის სამიზნე სადაზვერვო ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედროებსა და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმების განსახორციელებლად - რითიც დაადასტურეს გამოცემა Washington Post-ში გამოქვეყნებული ცნობა, რომლის თანახმადაც რუსეთი მნიშვნელოვან არაპირდაპირ როლს ასრულებს ამ გაფართოების პროცესში მყოფ რეგიონულ კონფლიქტში.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 6 მარტს ელაპარაკა ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს და გაიმეორა მოსკოვის მოწოდება "საბრძოლო მოქმედების დაუყოვნებელი დასრულებისკენ" - აცხადებს კრემლი.
გავრცელებულ ცნობებზე საჯარო განცხადებას არ აკეთებენ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები.
თეთრი სახლიც უარყოფს მოსაზრებას, რომ რუსეთის მხრიდან გაწეულმა დახმარებამ მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამ საკითხზე დასმულ კითხვას 6 მარტს უპასუხა - "ეს უფრო ადვილი პრობლემაა იმასთან შედარებით, რასაც ვაკეთებთ" - და დასძინა, რომ ეს "სულელური შეკითხვაა ამ მომენტში დასასმელად."
6 მარტს თეთრ სახლში გამართულ მრგვალ მაგიდაზე Fox News-ის ჟურნალისტმა, პიტერ დუსიმ აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა ინფორმაციაზე, რომ რუსეთი ირანს სადაზვერვო მონაცემებს აწვდის ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად. ტრამპმა ამ კითხვას "სულელური" უწოდა.