დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს აფეთქება მოხდა - BBC-მ დაადასტურა ვიდეო, რომელიც „აშკარად დრონით თავდასხმას ასახავს.“
ზოგიერთი რეისი ამჟამად აეროპორტში აფრენასა და დაშვებას ახორციელებს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ოპერაციები შეაჩერა.
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშქიანმა ბოდიში მოუხადა მეზობელ სახელმწიფოებს და განაცხადა, რომ თეირანი მათ არ დაესხმება თავს „თუ ისინი თავად არ განახორციელებენ თავდასხმას.“ ამის შესახებ მან სახელმწიფო მედიით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„პირადად ვუხდი ბოდიშს მეზობელ ქვეყნებს, რომლებსაც ირანის ქმედებები შეეხო," - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა და ამ ქვეყნებს მოუწოდა, არ შეუერთდნენ აშშ-ისრაელის თავდასხმებს ირანზე.
პეზეშკიანის მიმართვის ეთერში გასვლიდან მალევე, კატარმა განაცხადა, რომ მან სარაკეტო თავდასხმა მოიგერია. ისრაელი აცხადებს, რომ ირანის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების ახალი „ფართო ტალღა“ დაიწყო. ლიბანში კი, სამხრეთ ბეირუთის გარეუბნებში მასშტაბური ევაკუაცია განხორციელდა, სადაც ისრაელის თქმით, ის „ჰეზბოლას“ ურტყამს.
სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული, თუმცა როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამ ქვეყნებმა ვაშინგტონს განუცხადეს, რომ არ გასცემენ უფლებას ამ ბაზების გამოყენებაზე ირანის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის.