თურქეთი აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, ქვეყნის აღმოსავლეთში, მალათიაში, ამერიკული Patriot-ის სისტემა განალაგა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო თურქეთი მიმართავს საზღვრებისა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომებს, კონსულტაციები აქვს NATO-სთან, ეროვნულ დონეზე მიღებულ ზომებთან ერთად NATO-მაც გააძლიერა საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა და ამ ზომების ფარგლებში თურქეთმა მალათიაში განათავსა და საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა სისტემა Patriot-ი.
თურქეთის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 9 მარტს, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ირანის მხრიდან რაკეტის უკვე მეორედ შეჭრა. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ირანის მხრიდან შეიჭრა ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გააუვნებლეს NATO-ს საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა და რაკეტის ნამსხვრევები გაზიანთეპის რაიონში, დაუსახლებელ ადგილას ჩამოცვივდა.
ირანის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცეში რაკეტის შესვლისა და მისი განეიტრალების შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო 6 მარტსაც იუწყებოდა.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გამართლება არ აქვს. ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ცდილობს დიპლომატიის კარის გაღებას ომის დასრულების ხელშეწყობის მიზნით.
მინისტრთა კაბინეტის სხდომისას, ერდოღანმა ირანს პროვოკაციული ნაბიჯებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„ჩვენი გულწრფელი გაფრთხილებების მიუხედავად, უკიდურესად არასწორი და პროვოკაციული ნაბიჯები კვლავ იდგმება, რაც საფრთხეს შეუქმნის თურქეთის მეგობრობას.“