კოშტა და ალიევი: ევროკავშირი და აზერბაიჯანი პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებენ

ევროკავშირი და აზერბაიჯანი პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას გააღრმავებენ, მათ შორის, უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კოშტას ბაქოში ვიზიტის შემდეგ ავრცელებენ.


განცხადების თანახმად, თანამშრომლობა ორივე მხარის ერთობლივ ინტერესს ასახავს და წვლილი შეაქვს უფრო ფართო - შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მშვიდობის, სტაბილურობის, დაკავშირებადობისა და მდგრადი განვითარების წინ წაწევაში.


“ევროკავშირი-აზერბაიჯანის პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობის ხაზგასმით პრეზიდენტებმა ერთგულება გამოხატეს კიდევ უფრო გააღრმაონ პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა, მათ შორის უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში, რაც ბოლო დროის მაღალი დონის შეხვედრების დადებით იმპულსს დაეყრდნობა. ეს თანამშრომლობა ორივე მხარის ერთობლივ ინტერესს ასახავს და წვლილი შეაქვს უფრო ფართო - შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მშვიდობის, სტაბილურობის, დაკავშირებულობისა და მდგრადი განვითარების წინ წაწევაში…


პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს ერთგულება ახალ, ყოვლისმომცველ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების სწრაფად ბოლომდე მიყვანისადმი, რაც მყარ იურიდიულ ჩარჩოს შექმნის, ურთიერთობების შემდგომი განვითარებისადმი,” - ნათქვამია განცხადებაში.


ერთობლივი განცხადების თანახმად, პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს განახლებული “აზერბაიჯანი-ევროკავშირის პარტნიორობის პრიორიტეტების” მიღების მნიშვნელობას, ასევე, დიალოგის არსებული მექანიზმების, მათ შორის “ევროკავშირი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საბჭოს” სრულად გამოყენებას, რათა კიდევ უფრო წინ წაწიონ ორმხრივი დღის წესრიგი ყველა სფეროში.


მხარეები მიიჩნევენ, რომ "ენერგოუსაფრთხოება ორმხრივი თანამშრომლობის ქვაკუთხედია" და რომ აზერბაიჯანს უკავია "ცენტრალური ადგილი" ევროკავშირის ენერგორესურსებით უზრუნველყოფის დივერსიფიკაციაში, რაც აქტუალური გახადა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა.


დღეს კი, ირანში ომის ფონზე, აზერბაიჯანის როლი ამ მხრივ კიდევ უფრო იზრდება და ევროკავშირი დაინტერესებულია ამ ქვეყანაში ინვესტიციების ხელშეწყობაში:


"ირანში ომის გამო ენერგობაზრების რყევის ფონზე, ჩვენი პარტნიორობა ენერგოსფეროში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ევროკავშირი მზად არის აზერბაიჯანის ენერგოტრანზიტის მხარდასაჭერად კერძო ინვესტიციებისა და ფინანსების მობილიზაციისთვის."


საუბარი იყო შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე, რაც კოშტას შეფასებით, "სტრატეგიული შესაძლებლობაა ახალი სატრანსპორტო კავშირებისთვის" და რომ ამ კონტექსტში არსებით მნიშვნელობას იძენს ბაქო-ნახიჩევანის სარკინიგზო კავშირი."


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობას და აზერბაიჯანის როლს:


"ევროკავშირი იზიარებს აზერბაიჯანის მიზანს მშვიდობიან, სტაბილურ, ურთიერთდაკავშირებულ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიაზე. სომხეთთან სამშვიდობო პროცესში მიღწეული პროგრესი ისტორიული მნიშვნელობისაა. აზერბაიჯანის რეგიონული როლი იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა."


2028 წელს აზერბაიჯანი უმასპინძლებს ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს. მომდევნო თვეებში კი ის ბრიუსელშია მიწვეული.