ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, თუ დამნაშავემ, რომელმაც ზუგდიდში ბანკზე თავდასხმა განახორციელა, „საზღვარი“ გადაკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას SOVA ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შამბა არარეალურს უწოდებს თავდამსხმელის მიერ აფხაზეთში შესაძლო გადასვლის ფაქტს, თუმცა, მისივე განმარტებით, „რეგიონში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს“.
კითხვაზე, დაკავების შემთხვევაში გადასცემს თუ არა დამნაშავეს აფხაზური მხარე თბილისს, შამბამ უპასუხა: “რა თქმა უნდა”.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს 21 ოქტომბერს დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.
აღსანიშნავია, რომ მძევლებს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა.