ერაყში, იტალიის სამხედრო ბაზაზე, საჰაერო დარტყმა განხორციელდა. იტალიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ დარტყმის მომენტში იტალიელი სამხედროები თავშესაფარში იმყოფებოდნენ და მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ.
თავდაპირველად სამინისტრო იუწყებოდა, რომ ერბილში მდებარე იტალიურ ბაზას რაკეტა მოხვდა, მაგრამ მოგვიანებით, წყაროებმა განმარტეს, რომ მას სავარაუდოდ, დრონი დაეცა, რომელმაც სამხედრო მანქანა გაანადგურა. შესაძლებელია, რომ დრონი მიზანმიმართულად არ ყოფილიყო გაშვებული ბაზის წინააღმდეგ და საფრენ აპარატს მიმართულება დაეკარგა.
ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა სტეფანო პიცოტიმ განაცხადა, რომ სამხედროებს წინასწარ ჰქონდათ საჰაერო საფრთხის შესახებ ინფორმაცია, რის გამოც ისინი დროულად გადავიდნენ ბუნკერებში. ჯერჯერობით უცნობია, საიდან განხორციელდა თავდასხმა, სპეციალისტები ადგილზე მუშაობენ.
იტალიას ერაყის ქალაქ ერბილში დაახლოებით 300 სამხედრო ჰყავს, რომლებიც ქურთულ უსაფრთხოების ძალებს წვრთნიან. თუმცა რეგიონში დაძაბულობის გამო, რომელიც აშშ–ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტს უკავშირდება, მათი ნაწილი ცოტა ხნის წინ უკვე შემცირდა.