აშშ ადასტურებს ერაყში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ეკიპაჟის 4 წევრის დაღუპვას

ერაყში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავ KC-135-ის ეკიპაჟის 4 წევრი დაიღუპა.

ამ ტიპის თვითმფრინავებიდან საბრძოლო თვითმფრინავების საწვავით შევსება ხდება.


ამერიკული თვითმფრინავი ერაყის ჩრდილოეთში 12 მარტს ჩამოვარდა.


დღეს, 13 მარტს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) დაადასტურა ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ოთხის დაღუპვა.

CENTCOM-ის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.


ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი არ ყოფილა მოწინააღმდეგის მიერ, ან შეცდომით გახსნილი ცეცხლი და ინციდენტის გარემოებების გამოძიება მიმდინარეობს

12 მარტს რამდენიმე მედიასაშუალება ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ერაყში KC-135 ჩამოვარდა ინციდენტის შედეგად, რომელშიც სხვა თვითმფრინავიც მონაწილეობდა.


ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ერაყში ირანის სამიზნედ იქცა აშშ-ის და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო ობიექტები, თავად ერაყის ნავთობობიექტები და ტანკერები.


12 მარტს ერაყის ქურთისტანის ავტონომიის დედაქალაქ ერბილის რაიონში საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ერთი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა დრონით შეტევის შედეგად. სარაკეტო შეტევა იყო ამავე რაიონში მდებარე იტალიურ ბაზაზე. წინა დღეებში ერბილის რაიონში დრონებით შეტევა იყო ამერიკულ სამხედრო ობიექტებზეც.


ერაყის ქურთისტანში ირანული დრონებით დარტყმა იყო ნავთობის საბადოზეც, რომელსაც ამერიკული კომპანია HKN Energy მართავს.

12 მარტს ირანმა ერაყის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ ბასრის მახლობლად იერიში მიიტანა ორ ტანკერზეც.


დასავლეთ ერაყში აშშ-ის კუთვნილი საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ - „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო. დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ KC-135 ტიპის თვითმფრინავი „ქვეყნის სუვერენიტეტისა და საჰაერო სივრცის დასაცავად“ ჩამოაგდეს.