ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“: ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა

„ორი დღის წინ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ეკოლოგიასთან, პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან. რასაკვირველია, ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა“. - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიუსელში, ჟურნალისტებს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, მინისტრის გადაყენება პრემიერის პრეროგატივაა და არა რომელიმე აქტივისტის.

„ორი დღის წინ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ეკოლოგიასთან, პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან. რასაკვირველია, ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა. რაც შეეხება გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის გადაყენება ან დანიშვნა, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და არა რომელიმე აქტივისტის მიერ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებები და გადაწყვეტილებები მივაწოდეთ მოსახლეობასაც და ექსპერტებსაც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისის თქმით, საუბარია შეთავაზებების ოთხპუნქტიან გეგმაზე, რომელიც გულისხმობს არსებული კვლევების გადახედვას და გადახედვამდე კაშხლის მშენებლობის გადაწევას, ასევე ხეობის განვითარების ფონდის შექმნას, მეტ ჩართულობას როგორც ამ ფონდის მართვის, ისე მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში.

ამავდროულად თურნავამ აღნიშნა, რომ კარი დიალოგისთვის კვლავ ღიაა კონსტრუქციულ პლატფორმაზე.

„ჩვენი კარი კვლავაც ღიაა დიალოგისთვის, ოღონდაც ამ კონსტრუქციულ პლატფორმაზე. ველით მოსახლეობის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, რათა ჩაერთონ, გააკეთონ პროექტის რევიზია, გადაამოწმონ ის კვლევები, რაც უკვე გაკეთებულია. ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ენერგეტიკა, ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო ძლიერი და მოწოდებები, რომ ჩაიშალოს, გავაგდოთ ინვესტორი, გაჩერდეს, არ ავაშენოთ, ეს არ არის ჩვენი ლექსიკა, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ წელს. ყველანი განვითარებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.