მეუფე შიო: ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყოს სტაბილური

საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ, საპატრიარქო ტაახტის თანამოსაყდრის, მიტროპოლიტი შიოს [მუჯირი] კომენტარს ავრცელებს. მეუფე კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. ადგილზე მივიდნენ სინოდის სხვა წევრებიც. 


მეუფე შიოს თქმით, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა - ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდი ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური.


მიტროპოლიტი მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ ილოცონ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.


„როგორც საზოგადოებისთვის, როგორც ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება, ღვთის შეწევნით.


ჩვენ გვინდა დღეს მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველას, მორწმუნეებს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას. ასე რომ, ეს მინდა მოგიწოდოთ,“- აცხადებს შიო მუჯირი, რომლის კომენტარსაც საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ ავრცელებს.


საქართველოს საპატრიარქომ 17 მარტს დილით განაცხადა, რომ „ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური."

„მისი ჰერმოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილური და საყურადღებოა,“ ამას ამბობს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი სოფიო ასპანიძე.