საქსტატი: 2020 წელს შიდა ტურიზმი შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც 2020 წლის IV კვარტალის მონაცემებს ეყრდნობა.

2020 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 910.8 ათასით განისაზღვრა - მათ ქვეყნის ტერიტორიაზე 1 მილიონი ვიზიტი განახორციელეს. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 8.3%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მონაცემებზე.

2020 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 480.4 ათასით განისაზღვრა, რაც 9.5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ადგილობრივი ტურიზმის ძირითადი მიზნები უმეტესად ნათესავთა მონახულებაა, უშუალოდ დასვენება/გართობა/რეკრეაციაზე კი ვიზიტორთა ნაკადის 7.7% მოდის.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.2% თბილისის მაცხოვრებელია, 12.8% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 12.0% - ქვემო ქართლის რეგიონზე.

ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 237.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 180.2 ათასი ვიზიტი თვეში).

“2020 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 147.1 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 4.2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 9.5%-ით და 141.6 ლარს უტოლდება", - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.