კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, სამძიმრის წერილებს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო ლიდერები და საერთაშორისო პოლიტიკური ფიგურები ავრცელებენ.
„მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, სულიერი ლიდერის, ელია II-ის გარდაცვალების ამბავი, რომლის ცხოვრებაც ღვთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა.
მისი პატრიარქობის ათწლეულების განმავლობაში, იგი მრავალი მორწმუნისთვის რჩებოდა სულიერ ორიენტირად, ძალისხმევას არ იშურებდა რწმენის განმტკიცებისთვის, ქრისტიანული ტრადიციების შესანარჩუნებლად და საზოგადოების სულიერი აღორძინებისთვის, განსაკუთრებით სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ.
ჩვენთვის დასამახსოვრებელია ის ფაქტი, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, რომელიც რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შემოჭრის მსხვერპლია.~
ილია მეორის პატრიარქობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის. მისმა მსახურებამ მრავალი შთააგონა, დაეძლიათ განსაცდელები და შეენარჩუნებინათ იმედი ყველაზე მძიმე პერიოდებშიც, მათ შორის, რუსეთის მიერ პროვოცირებული ომების დროს.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ეპისკოპოსებს, სასულიერო პირებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი წინამძღოლი, ასევე ქართველ ხალხს, ვისთვისაც იგი იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჭეშმარიტი სულიერი მამა.
ვილოცებთ, რომ მამამ ზეციურმა მიიღოს თავისი მსახური ზეციურ სავანეში. უფალმა დაამკვიდროს ახლად განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სული თავის სასუფეველში და მიანიჭოს ნუგეში, მშვიდობა და სულიერი ძალა ყველა მათ, ვინც ამ დანაკლისს გლოვობს. მარადიული და ნათელი იყოს მისი ხსოვნა!“ - დაწერა სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ სოციალურ ქსელში.
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია
განცხადება გაავრცელა რუმინეთის საპატრიარქომ, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით.
სამძიმრის წერილში პატრიარქი დანიელი წერს, რომ ილია მეორე „იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის პატივცემული პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ისე განახლების პერიოდში სიბრძნით მწყემსავდა.“
„... ვევედრებით ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, რომელიც არის "აღდგომა და სიცოცხლე" (იოანე 11, 25), რათა პატრიარქ ილია II-ის სულს თავის საყვარელ წმინდანთა სამყოფელში განუსვენოს, სადაც არ არს ჭირი, მწუხარება, არცა სულთქმა, არამედ ცხოვრება დაუსრულებელი.
დაე, იყოს მისი მარადიული ხსოვნა თაობიდან თაობამდე!," - წერია განცხადებაში.
საელჩოებისა და პარტნიორების სამძიმარი
სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა ისრაელის საელჩომ საქართველოში. საელჩო წერს, რომ ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის.
„ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას.
ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას,“ - წერს ისრაელის საელჩო.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა X-ზე დაწერა:
„დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების ცნობით: დიადი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი.“
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში:
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას.
მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა,“ - წერია განცხადებაში.
სოციალურ ქსელში სამძიმრის ტექსტი გაავრცელა თურქეთის საელჩომ საქართველოში:
„უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას.
ამ მწუხარების ჟამს, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას და სოლიდარობას,“ - წერია სამძიმრის ტექსტში.
საფრანგეთის საელჩო სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს ქართული ეკლესიის 141-ე წინამძღვრის გარდაცვალების გამო.
„როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში, ის იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე, უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა. საბჭოთა ოკუპაციიდან ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენამდე და დღესაც, მან უმთავრესი როლი ითამაშა ქვეყნის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში. გახლდათ რა ქართველი ერის საყრდენი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში და განსაკუთრებული სიბრძნით დაჯილდოებული, მისი უწმინდესობა ტოვებს სიყვარულისა და შეუდრეკლობის გზავნილს, ურყევ რწმენას, სულიერ რენესანსსა და 50 000-მდე ნათლულს.
მისი გავლილი გზა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული თანამედროვე საქართველოს ცხოვრებასთან. გარდამავალ, ასევე რთულ პერიოდში, მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის ფიგურამ, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებდა. ამ ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველ ხალხის მწუხარებას,“ - წერია განცხადებაში.
შვედეთის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს მართლმადიდენელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
„მისმა უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი,“ - წერია ტექსტში, რომელიც Facebook-ზე გავრცელდა.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში წერს:
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა.“
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ილია მეორის „ერთგულება რწმენისადმი, ერთიანობისადმი და სულიერი ძალისადმი და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება გასტანა, წარუშლელ მემკვიდრეობას ტოვებს“.
„დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებით, “ - დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ X-ზე.
არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა ზაიდ ალ-ნაჰაიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ხოლო პრემიერ-მინისტრმა რაშიდ ალ-მაქტუმმა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.
საქართველოში ავსტრიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
„ავსტრიის საელჩო უსამძიმრებს ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ ,“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ქართულ ენაზე ვრცელდება.
„გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო,“ - აღნიშნულია თავის მხრივ, იტალიის საელჩო განცხადებაში, რომელიც ასევე ქართულ ენაზე ვრცელდება.
საქართველოში სლოვაკეთის ელჩი მატუს ბუსოვსკი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს,“ - წერს მატუს ბუსოვსკი სოციალურ ქსელში.
პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში როგორც უმაღლესი მორალური ავტორიტეტი, ქართველი ერის სულიერი მამა და განსაცდელის ჟამს გადარჩენის სიმბოლო. მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობები მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, რომელიც ჩვენი დროის გამორჩეული რელიგიური ფიგურაა,“ - აღნიშნულია წერილში.
ილჰამ ალიევი ხაზს უსვამს, რომ ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და ძალისხმევა კეთილშობილურ საქმეებს მიუძღვნა თავისი ხალხისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ.
„კავკასიის ხალხებს შორის მშვიდობის, უსაფრთხოების, სოლიდარობის, რელიგიათაშორისი გაგებისა და დიალოგის დამყარებისკენ მიმართული ინიციატივებით, მისი უწმინდესობა ილია II მილიონობით ადამიანის გულში ჩაიბეჭდა, მიუხედავად მათი ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილებისა, და ღრმა პატივისცემა და თანაგრძნობა დაიმსახურა.
მისმა უწმინდესობამ, ილია II-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ტრადიციული კავშირების განვითარებასა და განმტკიცებაში. ამ ღრმა დანაკარგის მწუხარების გაზიარებით, სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, მთელ ქართველ ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც პირადად, ასევე აზერბაიჯანის ხალხის სახელით,“ - ნათქვამია წერილში.
გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტღებიუკი და გაეროს ქვეყნის გუნდი საქართველოში გამოხატავენ ღრმა მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მასალა განახლებადია
კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ“.
„მისი მრავალწლიანი მსახურება — რელიგიათშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში — განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.
ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს,“ - წერია სამძიმრის ტექსტში.