წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა. ამის შესახებ სინოდის განჩინებაშია აღნიშნული, რომელიც საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებას ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ გააცნო.
მეუფე თეოდორეს განცხადებით, სინოდის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ მიტროპოლიტი შიო მუჯირი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე და მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე.
„წმინდა სინოდის სხდომა იქნა მოწვეული სამწუხარო მიზეზით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. თავის სიტყვაში მეუფე შიომ სამძიმარი გამოუცხადა წმინდა სინოდის წევრებს და გაიხსენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე.
ამის შემდეგ მან დააყენა საკითხი ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით მომავალი პატრიარქის არჩევამდე. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელმთავარმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ. წაკითხულ იქნა საქართველოს მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეოთხე პარაგრაფი. სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ,“ - განაცხადა მეუფე თეოდორემ.
ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, საპატრიარქოში შეიკრიბა სინოდის სხდომა, რომლის დროსაც, პატრიარქის დაკრძალვის თარიღზე შეთანხმდნენ - პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
ახალი პატრიარქის არჩევამდე ეკლესიას მიტროპოლიტი შიო მართავს. 2017 წლის 23 ნოემბერს ილია მეორემ დაასახელა თავისი მოსაყდრის ვინაობა - პატრიარქის თანამოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა.
გადაწყვეტილებას ახალი პატრიარქის შესახებ იღებს წმინდა სინოდი, რომელიც არჩევს სამ კანდიდატს - და საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზედაც უნდა აირჩიონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. გაფართოებულ კრებას იწვევს მოსაყდრე - საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს. ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს აქვთ. ამჟამად სინოდში 39 მღვდელმთავარია.