ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი დაესწრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი დაესწრება.


არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ამბობს, რომ „კვირის მსახურება დილით დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს წირვას. მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი დაახლოებით 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას.“ 


მსოფლიო საპატრიარქო საყდრის არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა იუწყება, რომ მსოფლიო პატრიარქთან ერთად თბილისში ჩამოდიან:

  • ქალკედონის უხუცესი მიტროპოლიტი ემანუელი;
  • დიდი ეკლესიარხი აიეტიოსი, პატრიარქის პირადი ოფისის დირექტორი, დიდი არქიდიაკონი ალექსანდრე;
  • არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა;
  • კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი;
  • მსოფლიო საპატრიარქოს პრესისა და კომუნიკაციის სამსახურის დირექტორი ნიკოლაოს-გეორგიოს პაპახრისტუ;
  • მსოფლიო საპატრიარქოს თანამშრომელი პანაიოტის გრაფიადელისი.

„ჩვენ მივიღეთ სამძიმრის წერილები თითქმის ყველა ავტოკეფალიური ეკლესიიდან და ვიცით, რომ მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეს საქართველოში სტუმრად ჩამოვა სხვადასხვა დელეგაცია,“ - განაცხადა დეკანოზმა თათარაშვილმა 19 მარტს. 


მოწვეულთა შორისაა ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე, - სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მეთაური.


თუმცა მისთვის სომხეთის ხელისუფლებას, რომელსაც სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული გარეგინ მეორის წინააღმდეგ, ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს.


ასევე, საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვაზე თბილისში ვატიკანიდან ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა. 


ვატიკანის საელჩოს ინფორმაციის მიხედვით, კარდინალთან ერთად დელეგაციაში იქნებიან: მონსენიორ ლადრაპა იარომირი, ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის თანამშრომელი; მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში; მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია, პაპის დესპანის მრჩეველი საქრათველოში; ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი; მონსენიორ გევორქ ნორადუნგიანი, აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი ერევანში.


17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე.

პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.


ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.