რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, პოკროვის № 2 კოლონიაში გადაყვანის შემდეგ, თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე პირველი პოსტი გამოაქვეყნა.
როგორც ნავალნის პოსტში არის ნათქვამი, რუსეთის ციხის სისტემამ მისი გაოცება შეძლო.
"უნდა ვაღიარო, რომ რუსეთის ციხის სისტემამ შეძლო ჩემი გაოცება. წარმოდგენა არ მქონდა, რომ შესაძლებელი იყო ნამდვილი საკონცენტრაციო ბანაკის მოწყობა მოსკოვიდან 100 კმ-ში.
მე ჯერ არ მინახავს რაიმე ძალადობა და არც ამის ნიშნები. თუმცა, მსჯავრდებულთა დაძაბული პოზით, როცა გამართულები დგანან და ზედმეტად თავის გატრიალების ეშინიათ, მარტივად მჯერა იმ მრავალრიცხოვანი ისტორიების, რომ აქ, № 2 გამოსასწორებელ კოლონია "პოკროვში", ადამიანებს სიკვდილამდე ხის ჩაქუჩებით სცემდნენ.
ახლა მეთოდები შეცვალეს და გულწრფელად ვიტყვი, ვერ ვიხსენებ ისეთ ადგილს, სადაც ყველა ასე ზრდილობიანად და რაღაც მხრივ გულღიად საუბრობს", - წერს ნავალნი.
პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ კოლონიაში ზედმიწევნით ემორჩილებიან "დაუსრულებელ წესებს". აკრძალულია გინება და საუბრისას ჟარგონების გამოყენება. ამავდროულად, კოლონიაში ყველაგან ვიდეოკამერებია დაყენებული, ყველაფერს აკვირდებიან და მცირე დარღვევის შემთხვევაშიც ანგარიშს წერენ.
თუმცა ალექსეი ნავალნი წერს, რომ თუ ადამიანი სიტუაციას იუმორით მიუდგება, "ცხოვრება შეიძლება" და აღნიშნა, რომ მთლიანობაში ყველაფერი არც ისე ცუდადაა. როგორც თავად აღნიშნავს, "შავ-თეთრ ყოველდღიურ ცხოვრებაში ფერადი მომენტებიც კი არის".
"ჩვენი მეგობრული საკონცენტრაციო ბანაკი - ასე ვუწოდებ ჩემს ახალ სახლს". – წერს პოლიტიკოსი.