რა წერია NATO-ს გენმდივნის წლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.


ანგარიშის მიხედვით, „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების გათვალისწინებით, მოკავშირეებმა NATO-ს მიერ საქართველოსთან ჩართულობა განიხილეს.“


„შედეგად, NATO-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების, მათ შორის, „NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ზოგიერთი ასპექტის პრიორიტეტულობა ხელახლა განისაზღვრა,“ - ნათქვამია მარკ რუტეს ანგარიშში.


ანგარიშის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის ძალებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ წინსვლა განიცადა, რასაც მაისში ჩატარებული NATO-საქართველოს წვრთნები ადასტურებს.


„თბილისში NATO-ს სამეკავშირეო ოფისი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამივე პარტნიორთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს,“ - წერია რუტეს ანგარიშში.


დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში NATO-ს მრჩევლების დიდი გუნდი ქართველ კოლეგებთან მუშაობას აგრძელებდა, რათა თავდაცვის შესაძლებლობები და ალიანსთან თავსებადობა გაიზარდოს.


ანგარიშში ასევე საუბარია კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამაზე, რომელიც თავდაპირველად, 2007 წელს შეიქმნა.

2025 წელს პროგრამის ფარგლებში გრძელდებოდა პარტნიორებისთვის სტრატეგიული რჩევების, პრაქტიკული ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების მიწოდება - თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტებისთვის, კარგი მმართველობისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობის, თავდაცვის რესურსების მართვის გაძლიერებისა და კორუფციის პრევენციის მიზნით. 


„2025 წელს პროგრამამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია უკრაინას, რომელიც ფოკუსირებული იყო NATO-უკრაინის ურთიერთქმედებასა და თავდაცვის შესყიდვებზე. აქტიური მხარდაჭერა ასევე გაეწია სომხეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, კოლუმბიას, საქართველოს, ერაყს, იორდანიას, მოლდოვის რესპუბლიკასა და ტუნისს.“