რომის პაპი: ღმერთს ვერავინ გამოიყენებს ომის გასამართლებლად - იესო არ ისმენს ომის მწარმოებელთა ლოცვებს

რომის პაპმა ლეონ XIV-მ განაცხადა, რომ ღმერთი უარყოფს ლიდერების ლოცვებს, რომლებიც ომებს აწარმოებენ და „ხელები სისხლით აქვთ სავსე.“


რომის პაპმა ბზობის კვირას წმინდა პეტრეს მოედანზე ათიათასობით ადამიანს მიმართა, მისი განცხადებით, იესოს გამოყენება არ შეიძლება ნებისმიერი ომის გასამართლებლად.


„ეს არის ჩვენი ღმერთი: იესო, მშვიდობის მეფე, რომელიც უარყოფს ომს, რომელსაც ვერავინ გამოიყენებს ომის გასამართლებლად,” - განაცხადა პაპმა.


„(იესო) არ ისმენს ომის მწარმოებელთა ლოცვებს, არამედ უარყოფს მათ და ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ლოცულობთ, მე არ მოგისმენთ: ხელები სისხლით გაქვთ სავსე,“ - განაცხადა ლეონ XIV-მ ბიბლიის მონაკვეთის ციტირებით.


რომის პაპს არ დაუკონკრეტებია მსოფლიო ლიდერები.


პაპმა წუხილი გამოთქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქრისტიანები „საშინელი კონფლიქტის შედეგებს განიცდიან“ და შესაძლოა, ვერ შეძლონ აღდგომის აღნიშვნა.