თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს: ახლა ჩვენ აქ ვართ 90 მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი შეგატყვეთ

"თუ ჩვენ გავიხსენებთ პარლამენტში შემოსვლამდე თქვენს გამონათქვამებს, ბატონო ალეკო, თქვენ თქვით ასეთი რამ: პარლამენტში დევს 90 ცალი მუთაქა „ქართული ოცნებიდან“ და 60 მგელი რომ შევალთ იქ, ნახეთ, რას დავატრიალებთ. ეს თქვენი სიტყვებია. ახლა ჩვენ აქ ვართ, 90 მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი შეგატყვეთ", - ასე მიმართა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს, რომელმაც მანამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ქრთამის აღებაში დაადანაშაულა.

პარლამენტის დეპუტატმა თეა წულუკიანმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილს საპარლამენტო ტრიბუნიდან უთხრა, რომ "მის ადგილას დილიდან საღამომდე იტირებდა".

"ახლა რაც შეეხება კულტურას, თქვენ ფარისევლობა შეგატყვეთ, ბატონო ალეკო, ვითომ წუხხართ ახლა თქვენ ბათუმის... რა გაცინებთ, თქვენ ადგილას რომ ვიყო, ვიტირებდი დილიდან საღამომდე, აი, რა გაცინებთ? რა თავს აქიცინებთ კაცო, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი, რომელიც წუხს ვითომ ახლა ბათუმის ბულვარზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ერთადერთი კაცი, წევრი, ჩემს კომიტეტში, რომელიც წინააღმდეგ წავიდა იმისა, რომ ქართულ კულტურას ჰყოლოდა თავისი სამინისტრო", - თქვა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობის საკითხს გამოეხმაურა და პარლამენის სხდომაზე განაცხადა, რომ "ბატონ რიჟვაძეს თუ მისცემთ ქრთამს, დაიდგამს კორპუსს თავზე და ისე ივლის".

როგორც ელისაშვილმა ბათუმის ბულვარში მიმდინარე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, "როგორც ჩანს, ბათუმის მერია და საკრებულო ნომინალურია, უმაღლესი საბჭო კი საერთოდ არაფერს აკეთებს".