იანვარში ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, აშშ-მ კარაკასში თავისი საელჩო ოფიციალურად გახსნა.
ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა და აღნიშნა, რომ ეს ვენესუელასთან დიპლომატიურ ურთიერთობებში „ახალი თავის“ დასაწყისია.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მადუროს ყოფილი მოკავშირის, დელსი როდრიგესის ხელმძღვანელობით დროებით მთავრობასთან თანამშრომლობა დაიწყო.
„დღეს ჩვენ ოფიციალურად ვაახლებთ ოპერაციებს კარაკასში აშშ-ის საელჩოში, რაც ვენესუელაში ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალ თავს აღნიშნავს,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმ.
აშშ-ის ძალებმა მადურო 3 იანვარს დააკავეს ორ ქვეყანას შორის თვეების განმავლობაში გამწვავებული დაძაბულობის შემდეგ, რამაც ვენესუელაში ცვლილებების ჯაჭვი გამოიწვია.
ვენესუელის წინააღმდეგ გადადგმულმა ნაბიჯმა კუბას ნავთობის ძირითადი წყარო შეუწყვიტა. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კარაკასის რეიდიდან რამდენიმე დღის შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჯერ ვენესუელის სტაბილიზაციას შეეცდება, შემდეგ კი, აღდგენის ფაზას დაიწყებს, სადაც ამერიკულ კომპანიებს ქვეყნის ენერგორესურსებზე წვდომა ექნებათ, ვიდრე საბოლოოდ, პოლიტიკურ გარდამავალ პერიოდს დაიწყებენ.
ტრამპის ადმინისტრაციამ დროებით მთავრობასთან ურთიერთობის სათავეში, ელჩი ლაურა დოგუ, ლათინურ ამერიკაში გამოცდილების მქონე კარიერული დიპლომატი დანიშნა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა 19 მარტს გააუქმა ვენესუელაში „მოგზაურობის აკრძალვის“ გაფრთხილება და განაცხადა, რომ ამერიკელებს აღარ ემუქრებათ ვენესუელის ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავების რისკი, თუმცა ვაშინგტონი კვლავ აფრთხილებს აშშ-ის მოქალაქეებს, ქვეყანაში დანაშაულების, გატაცების, ტერორიზმისა და სხვა მიმართულებით არსებული რისკების გამო.
ცნობისთვის, ვენესუელის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე, კარაკასში აშშ-ის საელჩომ მუშაობა 2019 წლის მარტში შეაჩერა.