შვეიცარიამ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა

შვეიცარიამ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვები დააწესა. შესაბამის განცხადებას შვეიცარიის ფედერალური საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.


„3 აპრილიდან, შვეიცარიაში შესასვლელად ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ,“ - ნათქვამია განცხადებაში.


გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ პირველი აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო.

გადაწყვეტილება ძალაში 12 თვის განმავლობაში დარჩება და ის საქართველოს სხვა მოქალაქეებზე არ ვრცელდება.


ამასთან, „შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის წესის გამარტივებასთან დაკავშირებით დადებული შეთანხმების რამდენიმე მუხლი შეჩერებულია.“


„ევროკავშირმა ახლახან მესამე ქვეყნებისთვის ვიზების შეჩერების მექანიზმი გააძლიერა, რაც საშუალებას აძლევს, რომ სავიზო მოთხოვნები ახალ საფუძველზე დაყრდნობით დროებით დააწესოს. ეს მოიცავს ადამიანისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, მესამე ქვეყნებთან საგარეო ურთიერთობების გაუარესებას. ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით ამ დებულებების ამოქმედება გადაწყვიტა. გასულ წელს საქართველოს მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ევროკავშირმა ქართველი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვით შეაჩერა. ევროკავშირის გადაწყვეტილება წარმოადგენს შენგენის კანონმდებლობის შემდგომ განვითარებას, რომლის მიღებაც შვეიცარიის ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ნაბიჯი შესვლისა და ვიზების გაცემის შესახებ დადგენილების შეცვლას გულისხმობს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.


2026 წლის 6 მარტიდან ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის.