პარლამენტმა განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფას მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ უწყებად ყალიბდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

პარლამენტმა 79 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცნობისთვის, პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორ სამთავრობო უწყებად - განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებად ყალიბდება.

გარდა ამისა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში ახალი კომიტეტი - საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი შეიქმნება.