პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრებად ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე აირჩია

საქართველოს კომუნიკაციების კომისიას ორი ახალი წევრი ეყოლება. პარლამენტმა ამ თანამდებობაზე ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე დაამტკიცა.

ნათია კუკულაძე 79 ხმით (ერთი - წინააღმდეგი), ხოლო ეკატერინე იმედაძე 81 ხმით (ორი - წინააღმდეგი) აირჩიეს.

საქართველოს პარლამენტი კომისიის წევრად პირს 6 წლის ვადით ირჩევს.

კომუნიკაციების კომისიაში არსებულ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პრეზიდენტის მიერ ექვსი კანდიდატი იყო წარდგენილი.

კერძოდ, პარლამენტისთვის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი იყო ეკატერინე იმედაძის, ივანე მახარაძისა და თამარ ჭელიძის კანდიდატურები და კიდევ ერთ ვაკანტურ ადგილზე - ნათია კუკულაძის, ირაკლი ბუთბაიასა და ოლია ვოტის კანდიდატურები.

კანონის გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატები მთავრობის ორგანიზებით ჩატარებულ კონკურსზე შეირჩა.