ალეკო ელისაშვილი ბასილაშვილზე: ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას

"ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას", - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ "დოჰას" ტურნირის მოგებას.

ელისაშვილმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ ბასილაშვილს ტურნირში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ საზოგადოება მას „კორტნის“.

„ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან მსურს, მადლობა ვუთხრა უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს, ნიკოლოზ ბასილაშვილს.

შეიძლება დიდ ქვეყნებში არც არაფერი… ასეთი ბევრი წარმატება აქვთ ხოლმე, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს არის სპორტიც, ხელოვნებაც, პოლიტიკაც… დიდი მადლობა მსურს გადავუხადო, როგორც ერთმა მოქალაქემ მეორე მოქალაქეს, როგორც ერთმა ქართველმა მეორე ქართველს, თავდაუზოგავი შრომისთვის და წარმატებისთვის, იმისთვის, რომ საქართველოს სახელი გაიტანა მთელ მსოფლიოში.

მით უფრო იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა. როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა – წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა, მერე მზად ვართ, რომ დავკორტნოთ განსაკუთრებული ჟინით და ახალგაზრდა კაცსაც ძალიან ბევრი ასე უტევდა.

ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც უჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ კიდევაც, რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში, სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში თუ ვინმეს მიმართა და თავისი წარმატება მიულოცა, ეს არის მისი მცირეწლოვანი შვილი და ალბათ ყველანი ამის მოსმენით გულაჩუყებულები ვიყავით...“, – აცხადებს ელისაშვილი.