სომხეთში, მილიადერი ოპოზიციონერი რუსეთისა და კვიპროსის მოქალაქეობის დათმობას გეგმავს

პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერმა და ბიზნესმაგნატმა სამველ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ უარს ამბობს რუსეთისა და კვიპროსის მოქალაქეობაზე, რათა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყაროს.


მან ეს განცხადება სასამართლო სხდომაზე გააკეთა. მას ფულის გათეთრებასა და სახელმწიფო გადატრიალებისკენ საჯარო მოწოდებებს ედავებიან, რასაც თავად უარყოფს.


სამველ კარაპეტიანი ანტიკორუფციულ სასამართლოში მიიყვანეს. ათთვიანი გამოძიების შემდეგ, სამველ კარაპეტიანის სასამართლო პროცესი 15 აპრილს დაიწყო. 



„ვინაიდან არჩევნებში ვმონაწილეობ და დარწმუნებული ვარ ჩემს გამარჯვებაში, გადავწყვიტე, დავიწყო ამ პასპორტებზე უარის თქმის პროცესი,“ – განაცხადა სამველ კარაპეტიანმა პირველი სასამართლო მოსმენის დროს.


სისხლის სამართლის საქმე გასულ წელს დაიწყო და კარაპეტიანი თავდაპირველად პატიმრობაში იმყოფებოდა, ვიდრე გირაოთი გაათავისუფლებდნენ. მას შემდეგ ის შინაპატიმრობაში იმყოფება. კარაპეტიანმა სასამართლოს განუცხადა, რომ მან უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესი უკვე დაიწყო.


ცნობისთვის, სომხეთში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისთვის, კონსტიტუცია ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრებას და ამ პერიოდში მხოლოდ სომხეთის მოქალაქეობის ქონას მოითხოვს. საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, პარტია „ძლიერ სომხეთს“ 11%-იანი მხარდაჭერა აქვს. 


„ძლიერი სომხეთი“ აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, არსებული მოთხოვნების შესაცვლელად და კარაპეტიანის პრემიერად არჩევის უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებს შეიმუშავებს.


სომხეთის საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება.


დღეს, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთში ივნისის არჩევნების წინ, პრორუსული ოპოზიციის წარმომადგენლები დააკავეს.


ანტიკორუფციულმა კომიტეტმა არტაშატში, პარტია „ძლიერი სომხეთის“ სხვადასხვა ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.


14 ადამიანი საარჩევნო ქრთამის მიცემისა და მიღების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს.