სომხეთისა და თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეებმა რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების გაფართოების წინადადება განიხილეს, რათა სომხეთი თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ფორმატში ჩაერთოს. მოლაპარაკებები სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა თავის თურქ კოლეგასთან ნუმან ქურთულმუშთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
კერძოდ, შეხვედრის დროს სიმონიანი მიესალმა თურქი კოლეგის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან მოლაპარაკებებისას წარდგენილ წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ნუმან ქურთულმუშმა სომხეთის ჩართვის ინიციატივა წარადგინა თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ფორმატში, მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით. სომხეთის პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, თანამოსაუბრეებმა ასევე განიხილეს ინიციატივის შესრულების დამატებითი დეტალები.
ქურთულმუშმა პაპუაშვილთან შეხვედრაზე თქვა, რომ თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი მექანიზმი უნდა გაძლიერდეს და რომ მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებზე ყოვლისმომცველი მუშაობა შეიძლება, წარიმართოს ამ მექანიზმში სომხეთის ჩართვით.
საქართველოს პარლამენტი კი, წერს, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ განვითარებაზე და რეგიონული საპარლამენტო ფორმატების შემდგომ გააქტიურებაზე. აღინიშნა, რომ საქართველო უმასპინძლებს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივ შეხვედრას.
ცნობისთვის, სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.
2025 წელს სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ს ლიდერების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ, ჩვენს რეგიონში მშვიდობამ დაისადგურა, რაც ჭეშმარიტად ისტორიულ მიღწევას აღნიშნავს. მაგრამ ჩვენი ხედვა უფრო დიდებულია. ჩვენ ვიწვევთ თურქეთს, იყოს პარტნიორი და შემოგვიერთდეს მშვიდობის „გობელენის ქსოვაში.“ ამ მიზნით, ჩვენ მოუთმენლად ველით თურქეთთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას. ათწლეულების განმავლობაში ეჭვისა და ბოროტების შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის აღდგენის ახალი ერა დაიწყო.
ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის (TRIPP) ჩარჩოს ბოლოდროინდელი შესრულება კიდევ ერთ ეტაპს წარმოადგენს. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს როგორც რეგიონული კავშირის შექმნას, ასევე, საერთაშორისო სავაჭრო გზების გაფართოება.
სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პრინციპებზე დაყრდნობით, TRIPP-ს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს სტაბილურობას, ეკონომიკურ თანამშრომლობას და კეთილდღეობას სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ. ნორმალიზაციის წამახალისებელი ნიშნები უტყუარია. წლების შემდეგ პირველად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა იწყება. აზერბაიჯანული საქონლის იმპორტი ეკონომიკური კავშირების აღდგენისკენ სიმბოლურ და პრაქტიკულ ნაბიჯს აღნიშნავს,“ - განაცხადა ალენ სიმონიანმა.