სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, კერძოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მაღრაძემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და მათთვის გადაცემას.
„დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა, როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისათვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებთან.
გარდა ამისა, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებით, დაკავებული პირი მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზეც, რომლის მიზანი იყო მედია სფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და აღნიშნული ქსელის გამოყენებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად, სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის, რეგიონის ქვეყნების მიმართულებით.
აღნიშნულ საქმიანობას ბრალდებული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ახორციელებდა,“ - განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
სუს-ის მიერ დადასტურებული ცნობით, რომელსაც რადიო თავისუფლება ავრცელებს, დაკავებულია გიორგი უძილაური, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. „რუსთავი 2-ის" ცნობით, მას ედავებიან „ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ“ ჯაშუშობას. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 25 აპრილსაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანის“ ბრალდებით დააკავეს უწყების ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი. მას სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.