მაკრონი ჩავიდა სომხეთის ქალაქ გიუმრიში, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზა მდებარეობს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სომხეთის ქალაქ გიუმრიში ჩავიდა. 

მაკრონმა და სომხეთის პრემიერმა 1988 წლის მიწისძვრის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.


ამის შემდეგ, ლიდერებმა ქალაქში გაისეირნეს და მცხოვრებლებს ესაუბრნენ.

მოგვიანებით, ფაშინიანი და მაკრონი გიუმრიში კონცერტს - “მუსიკალური ხიდი: სომხეთი-საფრანგეთი”, დაესწრნენ.


ქალაქ გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული. 2010 წელს ხელმოწერილი ოქმით რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნის ვადა სომხეთში მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა. კერძოდ, თავდაპირველი 25-წლიანი ვადა, რომელიც 2020 წელს იწურებოდა, შეიცვალა 49 წლით.


შესაბამისად, ბაზა გიუმრიში 2044 წლამდე დარჩება. სწორედ ვადის გახანგრძლივების დროს მისცა რუსეთმა სომხეთს საგანგებო სამხედრო დახმარების პირობა, რომელიც არ შეასრულა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, 2022-23 წლებში, სასაზღვრო კონფლიქტებისას,  რის გამოც ერევანმა მოსკოვი არასანდო პარტნიორად მიიჩნია და საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირება დაიწყო.


გიუმრიში ვიზიტამდე, 5 მაისს, ერევანში მაკრონმა და ფაშინიანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ორ ქვეყანას აქამდეც აკავშირებდა მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა, მათ შორის თავდაცვის, სფეროში.