ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR შუა დერეფანი) პირველად გამოიყენეს ტვირთების უკუმიმართულებით გადაზიდვის ოპერაციებისთვის. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
საკონტეინერო მატარებელი თურქეთიდან ჩინეთში, ყაზახეთის გავლით გაიგზავნა, რაც მარშრუტის განვითარების ახალ ეტაპზე მიუთითებს.
პროექტი KTZ-ის შვილობილმა კომპანია KTZ Express-მა, თურქულ კომპანია Pasifik Eurasia Lojistik Dış Ticaret A.Ş.-თან თანამშრომლობით განახორციელა.
მატარებელი იზმირის (თურქეთი) - აქტაუს პორტის - ალტინკოლის სადგურის - ჩენგსიანის (ფუჯიანის პროვინცია, ჩინეთი) მარშრუტით მოძრაობდა. ყაზახეთის ტერიტორიაზე, აქტაუს პორტი – ალთინკოლის მონაკვეთზე, ტრანზიტის დრო 83 საათს შეადგენდა. 50 ორმოცი ფუტის სიგრძის კონტეინერი საყოფაცხოვრებო მაცივრებს შეიცავდა.
შუა დერეფანი სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტია, რომელიც აზიასა და ევროპას რეგიონის რამდენიმე ქვეყნის გავლით აკავშირებს. ის ტრადიციული ჩრდილოეთისა და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივას წარმოადგენს. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან, გადის ცენტრალურ აზიაში, კვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს და აღწევს ევროპას, რაც უფრო მოკლე სახმელეთო ალტერნატივას წარმოადგენს უფრო გრძელი საზღვაო მარშრუტებისთვის.