თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოს დასრულების შესახებ განაცხადა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2026 წლის 11 მაისის მდგომარეობით, ყველა საჭირო ბიუროკრატიული პროცედურა დასრულებულია. ამდენად, ათწლეულების შემდეგ პირველად, თურქეთი სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობას იწყებს.
ორ ქვეყანას შორის საერთო საზღვრის გახსნის ტექნიკური და ბიუროკრატიული სამუშაო კი, გრძელდება.
თავის მხრივ, ერევანი „მიესალმება თურქეთის გადაწყვეტილებას სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობაში ბარიერების მოხსნის შესახებ, რაც სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის კიდევ ერთი შედეგია.“
„ეს გადაწყვეტილება აუცილებელია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ბიზნესკავშირების გაფართოების, რეგიონში ეკონომიკური კავშირის ხელშეწყობის და მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის სრული და ნორმალური ურთიერთობების განვითარებისკენ, რომელიც ლოგიკურად შეიძლება გაგრძელდეს სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნით და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით,“ – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში.
ახალი რეგულაციების თანახმად, თურქეთიდან სომხეთში, მესამე ქვეყნების გავლით, საქონლის საბოლოო დანიშნულების ადგილად ან წარმოშობის ქვეყნად, შეიძლება, მითითებული იყოს სომხეთი ან თურქეთი. ანკარამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თურქეთი გააგრძელებს სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური კავშირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას რეგიონის ყველა ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ.“
ცნობისთვის, თურქეთმა სომხეთთან საზღვარი თავდაპირველად 1993 წელს, მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს ჩაკეტა.