არარეგულარული ავტობუსების მარშრუტების აკრძალვა 2025 წლის პირველი ნოემბრიდან შევიდა ძალაში. ახლა კი, ლატვიის ტრანსპორტის სამინისტრომ შეიმუშავა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ასევე აიკრძალება რეგულარული მომსახურება - მათ შორის მარშრუტები, რომლებიც ტრანზიტის დროს უბრალოდ ლატვიის ტერიტორიაზე გადიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Delfi.
ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, სახელმწიფო საგზაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ ბრძანებებს, რომლებიც ადმინისტრაციული საპროცესო კანონის შესაბამისად, კონკრეტული გადამზიდავებისთვის ნებართვებს გააუქმებს.
სამინისტროს განმარტებით, ლიცენზიების დაკარგვის შემთხვევაში, გადამზიდავებს ექნებათ კომპენსაციის მიღების უფლება, ხოლო გადახდები ადმინისტრაციული საპროცესო კანონის შესაბამისად განხორციელდება.
განმარტებითი დოკუმენტების თანახმად, გადამზიდავი Ecolines-ი რუსეთსა და ბელორუსში მარშრუტების აკრძალვით მიღებულ პირდაპირ ზარალს წელიწადში დაახლოებით ოთხ მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო უმოქმედო ავტობუსებით გამოწვეული დამატებითი ზარალი წელიწადში დაახლოებით ორ მილიონ ევროს შეადგენს.
ლატვიის ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მცხოვრებლებს, თავი აარიდონ რუსეთსა და ბელორუსში მოგზაურობას, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოქალაქეები გააფრთხილა რეკრუტირების რისკების შესახებ.