დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 72%-დან 43%-მდე დაეცა.
როგორც გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირბადის ტარების მაჩვენებლის კლება ცუდი სიგნალია და ვიდრე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება, ჩვენ ვერ ვიტყვით უარს პირბადეზე, დისტანციაზე, დიდ შეკრებებზე.
,,პირბადის ტარებასთან დაკავშირებით დაუდევარი დამოკიდებულებაა. პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვქონდა 72% და არაუშავდა, ჩამოვარდა 43%-მდე (ჩვენ ვერ ავცილდით 72%-75%, გვინდოდა, რომ ჩვენი მაჩვენებლი 95% ყოფილიყო).
ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი იმისათვის, რომ შეიძლება ეპიდსიტუაცია დამძიმდეს ქვეყანაში.
მივაქციოთ ყურადღება, არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა, რომელიც ზაფხულის მეორე ნახევარში დავუშვით. მაშინ დავმშვიდდით, თითქოს დავამარცხეთ ეპიდემია, შესაბამისად, პასუხი მივიღეთ ნოემბერ-დეკემბერში.
სიფრთხილეა საჭირო, ვიდრე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება ჩვენ ვერ ვიტყვით უარს პირბადეზე, დისტანციაზე, დიდ შეკრებებზე და ა.შ.", - განაცხადა გამყრელიძემ.