სამი ევროპული სადაზვერვო სააგენტოსა და Reuters-ის მიერ მიერ მოძიებული დოკუმენტების თანახმად, ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასული წლის ბოლოს, ჩინეთში, დაახლოებით 200 რუსი სამხედრო მოსამსახურე საიდუმლოდ გაწვრთნა. ზოგიერთი მათგანი უკრაინაში საბრძოლველად დაბრუნდა.
„საიდუმლო წვრთნები, რომლებიც ძირითადად დრონების გამოყენებას ეძღვნებოდა, ასახული იყო ორენოვან რუსულ-ჩინურ შეთანხმებაში, რომელსაც მაღალი რანგის რუსმა და ჩინელმა ოფიცრებმა პეკინში, 2025 წლის 2 ივნისს მოაწერეს ხელი.
შეთანხმება, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის გაეცნო, ითვალისწინებდა, რომ დაახლოებით 200 რუსი სამხედრო მოსამსახურე მომზადებას გაივლიდა სამხედრო ობიექტებზე, კერძოდ კი, პეკინსა და აღმოსავლეთის ქალაქ ნანკინში. წყაროების ცნობით, შემდგომში სამხედროების დაახლოებით დასახელებულმა რაოდენობამ ჩინეთში გაიარა წვრთნა.
შეთანხმებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ასობით ჩინელი სამხედრო მოსამსახურე გაივლიდა მომზადებას რუსეთის სამხედრო ობიექტებზე,” - წერს Reuters-ი.
დაზვერვის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, რუსი სამხედროების მომზადებით, რომლებიც შემდგომ უკრაინის წინააღმდეგ საბძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ, ჩინეთი გაცილებით უფრო პირდაპირ არის ჩართული ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომში, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი.
რუსეთისა და ჩინეთის თავდაცვის სამინისტროებმა კომენტარი არ გააკეთეს Reuters-თან. ჩინეთის საგარეო უწყებაში კი, განაცხადეს, რომ „უკრაინის კრიზისთან“ დაკავშირებით, ჩინეთი მუდმივად ინარჩუნებდა ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას და მუშაობდა სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობაზე, ეს თანმიმდევრული და ნათელია და ამას საერთაშორისო საზოგადოებაც ადასტურებს.“
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს მოსკოვის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩინეთმა და რუსეთმა არაერთი ერთობლივი სამხედრო წვრთნა ჩაატარეს, პეკინმა არაერთხელ განაცხადა, რომ კონფლიქტში ნეიტრალურია და თავს მშვიდობის მიღწევის საკითხში შუამავლად წარმოაჩენს.