ესტონეთმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სახმელეთო საზღვრის სამ მონაკვეთზე - ლუჰამაას სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და ესტონეთის, ლატვიისა და რუსეთის საზღვრების გადაკვეთის წერტილს შორის - დრონების აღმოჩენისა და მონიტორინგის ფიქსირებული მოწყობილობები დაამონტაჟა.
„ეს მხოლოდ დასაწყისია: ჩვენ მივდივართ დრონების ქსელის შექმნისკენ, რომელიც მთელ ესტონეთს მოიცავს. დრონებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ინციდენტები აჩვენებს, რომ ჩვენი შესაძლებლობების დაგეგმვისას რისკები ძალიან რეალისტურად შევაფასეთ და ფრთხილი გადაწყვეტილებები მივიღეთ,“ - განაცხადა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ ტარომ.
მისი ინფორმაციით, სახმელეთო საზღვრის დარჩენილ მონაკვეთებზე დრონების მონიტორინგის მოწყობილობების დამონტაჟება 2026 წლის ბოლომდე იგეგმება.
ესტონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის საბჭომ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ „თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მოქნილი მეთვალყურეობა უზრუნველყოფს ესტონეთის აღმოსავლეთი საზღვრის კარგად დაცვას როგორც დღეს, ასევე — მომავალში.