საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. ამის შესახებ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე განაცხადა.
პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ყალბი ისტორიის (ქეისის) შექმნას და მათთვის ყალბი დოკუმენტების დამზადებას. ასევე, აშშ-ის და კანადის ვიზის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადებას.
2 ივნისს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საქართველოს 366 მოქალაქეს შეუქმნეს ყალბი ისტორია, თითქოს ისინი საქართველოში სხვადასხვა ნიშნით იდევნებოდნენ და მათ დაუმზადეს ყალბი დოკუმენტები.
პროკურატურის ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გამო, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა.
„ჯგუფის წევრებმა საქართველოს 65 მოქალაქეს ამერიკის საელჩოში წარსადგენად, დაუმზადეს და გადასცეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც მოქალაქეთა ნაწილმა შეძლო ვიზის მიღება. ვიზის მიღების შემდეგ მათ 112 000 აშშ დოლარი ხელზე გადასცეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს," - აცხადებს პროკურატურა.
უწყებაში აცხადებენ, რომ "წარმოშობილი ეჭვების საფუძველზე საელჩომ დოკუმენტების ნაწილი გადაამოწმა", გამოვლინდა "სიყალბე", რის გამოც ყველა მოქალაქეს, რომელთაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ, ვიზა გაუუქმდა. „2025 წლის იანვრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის სახით მოქალაქეებისგან მიიღეს 142 786.43 აშშ დოლარი, 15 095 ლარი და 1 560 ევრო."
პროკურატურა აცხადებს, რომ აშშ-ის ვიზების მისაღებად საჭირო ყალბი დოკუმენტების დამზადების გარდა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს კანადის ვიზის მიღებაში დახმარებასაც ჰპირდებოდნენ. საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.